English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ლია სვანიძე
ადამიანის ფსიქიკის ფიზიოლოგიური საფუძველი

მატერიალური სამყაროსაგან დამოუკიდებლად არ არსებობს ფსიქიკა. იგი ტვინის წარმოშობასთან ერთად ჩამოყალიბდა, როგორც მისი ორგანული თვისება, არამატერიალური ფენომენი, როგორც განცდათა სამყარო, რომელიც სიცოცხლის პროცესს უდევს საფუძვლად და ობიექტური სინამდვილის აქტიურ ასახვას ემსახურება.

რეალური ობიექტური სინამდვილე გრძნობის ორგანოების გზით ზემოქმედებს ტვინზე და ფსიქიკურ პროცესებს, პირველ რიგში, შეგრძნებებს და აღქმებს იწვევს, რაც, თავის მხრივ, სინამდვილის სუბიექტურ ხატს წარმოადგენენ.

ფსიქოლოგიისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საკითხს, თუ რა დამოკიდებულება არსებობს ფსიქიკურსა და ფიზიოლოგიურ პროცესებს შორის და, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკა ტვინის თვისებას წარმოადგენს და, შესაბამისად, გარკვეულ ფიზიოლოგიურ პროცესებს ემყარება, იგი მხოლოდ ამ პროცესებთან ურთიერთობით არ ამოიწურება. ამიტომ ფსიქიკის მეცნიერული შესწავლა ტვინში მიმდინარე უმაღლესი ნერვული მოქმედების კანონების ცოდნის გარეშე შეუძლებელია.

საკვანძო სიტყვები: ადამიანის ფსიქიკა, ფსიქიკური და ფსიქოლოგიური პროცესები, ფსიქიკა და ცნობიერება, ნერვული სისიტემა, ფსიქიკა - ტვინის თვისება.

ყოველი ფსიქიკური პროცესი არის ცენტრალური ნერვული სისტემის საპასუხო რეაქცია გარე გამღიზიანებლებზე. ის გარემოება, რომ ფსიქიკა ტვინის მოქმედების თვისებაა, სრულიად არ ნიშნავს, რომ ფსიქიკურ მოქმედებასა და ტვინის მოქმედებას შორის იგივეობაა. ფსიქიკურ მოქმედებას გააჩნია თავისი სპეციფიკური კანონზომიერებანი, რომლებიც არ დაიყვანება ტვინში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე.

ძირითადი თავისებურება, რომელიც ფსიქიკას გააჩნია, არის მისი ასახვითი ბუნება. იგი ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტური სამყაროს ჩვენში სუბიექტურ ასახვას უზრუნველყოფს. მაშასადამე, ჩვენს განცდებში აისახება ობიექტურად არსებული საგნები სუბიექტურად, ჩვენ შევიგრძნობთ მატერიის თვისებებს, ვწვდებით საგანთა და მოვლენათა შორის არსებულ დამოკიდებულებებს. გარე სინამდვილის ჩვენში ასახვის უნარი – ფსიქიკაში აღმოცენდება ცოცხალი არსების გარემოსთან ურთიერთობის, მასთან შეგუების პროცესში; ადამიანი არა მხოლოდ ეგუება გარე სამყაროს, არამედ გარდაქმნის კიდეც მას, და გარდაქმნის პროცესში თვითონაც იცვლება. ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წინასწარვე გარკვეული მიზნები, რომელთა მიღწევისათვისაც საჭიროა სათანადო გეგმები.

ცნობიერება - ფსიქიკის განვითარების უმაღლესი საფეხური

რეალურ სამყაროსთან ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც შეგნებული, წინასწარ დასახული მიზნით განსაზღვრულ მოღვაწეობაში მჟღავნდება, ცნობიერება ეწოდება. ცნობიერება ფსიქიკის განვითარების უმაღლესი საფეხური, სინამდვილის ასახვის ფორმაა. განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ გარე სინამდვილის ფსიქიკური ასახვა არ არის პასიური აქტი. ფსიქიკა არის გარე სინამდვილის აქტიური ასახვის პროცესი. გარე სინამდვილის ასახვა გარე სინამდვილის ზუსტ შემეცნებას ნიშნავს, ხოლო შემეცნება საზოგადოებრივი მოღვაწეობის პრაქტიკის პროცესში ხორციელდება. მხოლოდ ინდივიდი, პიროვნება არის ფსიქიკის მატარებელი. პიროვნებისაგან იზოლირებული ფსიქიკა და ცნობიერება არ არსებობს.

გამომდინარე ზემოთქმულიდან, ერთმნიშვნელოვნად უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქიკის ფიზიოლოგიური საფუძველია[1] წარმოადგენს თავის ტვინი (კერძოდ, თავის ტვინის ქერქი და ქერქქვეშა ბუდეები).

ნობელის პრემიის ლაურეატმა, ცნობილმა ამერიკელმა ფიზიოლოგმა და ფსიქოლოგმა ჯონ კერიუ ეკკლსმა [1] (მრავალგზის გამოკვლევების შედეგად) დაამტკიცა, რომ ადამიანის თავის ტვინი უნდა განვიხილოთ არა როგორც ფსიქიკური პროცესების გენერატორი – წარმომქმნელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტვინი კი არ წარმოშობს ფსიქიკურ პროცესებს, არამედ ამჟღავნებს მათ. მაშასადამე, ტვინი ფსიქიკური პროცესების დეტექტორი – გამომჟღავნებელია.

თავის ტვინი სულისათვის გამოვლენის ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც გვეძლევა სულიერი აქტივობა - სხვაგვარად არ შეიძლება არავითარი განცდა და მოქმედება.

აკადემიკოსმა ცოტნე ჩხიკვიშვილმა [2, გვ. 21,9] შემოგვთავაზა ჩვენთვის მეტად საინტერესო კვლევის შედეგებით მიღებული ინფორმაცია:

თავის ტვინის ქერქში ხორციელდება გარეგანი და შინაგანი სიგნალების რაოდენობრივი და თვისებრივი უნატიფესი ანალიზი. ამის საფუძველზე კი ყალიბდება როგორც გარკვეული შინაგანი მოთხოვნილება და მის დასაკმაყოფილებლად მიმართული, ასევე გარკვეული მოქმედების მოტივაცია და ამ მოქმედების რეალური "პროგრამაც". სწორედ ამ პროგრამის რეალიზაციის ყველა ეტაპზე წარმოქმნილი უკუსიგნალები წარმოადგენს შედეგის შემთხვევაში მოქმედების გაგრძელების სანქციას ან წარუმატებლობის შემთხვევაში, მოქმედების წინა ეტაპის ვარიანტული განმეორების სანქციას, ხოლო მოქმედების პროგრამის მთლიანი დასრულების შემთხვევაში, თუ შედეგი სრულად ემთხვევა მთლიანი პროგრამის მიზანს - მოქმედების შეწყვეტისა და სხვა ახალი მოთხოვნილების საფუძველზე წარმოქმნილი პროგრამის სარეალიზაციო მოქმედებაზე გადასვლის სანქციის საფუძველს .

თუ ამას კიდევ დავუმატებთ ყურადღების ურთულეს სისტემას, შეიქმნება თავის ტვინის სისტემური მოქმედების თითქმის ამომწურავი სქემა. ამასთან, ძირითადი ქერქის ყველა არეს შესაბამისი ქერქქვეშა წარმონაქმნებთან ერთად, თავისი სპეციფიკური წვლილი შეაქვს თავის ტვინის სისტემური მოქმედების ორგანიზაციაში [2,გვ.2].

აღსანიშნავია, რომ ორგანიზმის არცერთ ნაწილს არ შეუძლია არსებობდეს სიცოცხლისთვის აუცილებელი გარემო პირობების გარეშე. ორგანიზმსა და გარემოს შორის კავშირის დამყარება ნერვული სისტემის ძირითად ფუნქციას შეადგენს. გარედან მიმდინარე ზემოქმედება ნერვული სისტემის საშუალებით გადაეცემა ორგანიზმს და, პირიქით, ორგანიზმის ზემოქმედება გარემოზე ისევ ნერვული სისტემის საშუალებით ხდება. გარემოსთან ურთიერთობაში ორგანიზმი მოქმედებს როგორც მთლიანი ნერვული სისტემა, ერთი მხრივ, აერთიანებს ორგანიზმის ყველა ნაწილს, მეორე მხრივ, აკავშირებს ორგანიზმს გარემოსთან. ი. პავლოვი აღნიშნავს: "ნერვული სისტემა არის ორგანიზმის მრავალრიცხოვანი ნაწილის ურთიერთობის, ორგანიზმის, როგორც ურთულესი სისტემის, გარემოს ურიცხვ ზეგავლენასთან კავშირის გამოუთქმელად ურთულესი და უზუსტესი ინსტრუმენტი". [3, გვ. 253].

ნერვული სისიტემის არსი და ფუნქციური ერთეული

საჭიროდ მიმაჩნია ნერვული სისტემის ძირითადი არსის შეთავაზება დაინტერესებული პირებისათვის, ძალზე ლაკონურად, ვისაც შეხება ექნება განხილულ პრობლემასთან.

ნერვული სისტემის მორფოლოგიური და ფუნქციური ერთეულია ნეირონი. ნერვულ უჯრედს ყველა თავისი ტოტით, ნეირონი ეწოდება. ტოტები ორგვარია: 1. აქსონები (გრძელი ტოტები) და 2. დენტრიტები (მოკლე ტოტები). აღნიშნული ტოტების საშუალებით ნეირონები უკავშირდება სხვა ნეირონებს და ორგანიზმის სხვა ქსოვილებს. ორი ნერვული უჯრედის შეერთების წერტილს სინაფსი ეწოდება. ნეირონების ტოტების საშუალებით ნერვული უჯრედების დაკავშირება (სინაფსი) საშუალებას აძლევს ნერვულ სისტემას შეასრულოს თავისი ფუნქცია, გააერთიანოს ორგანიზმის ცალკეული ნაწილების მოქმედება, დაამყაროს კავშირი გარემოსა და ორგანიზმს შორის.

ცნობილია სამი სახის ნეირონი: 1. ცენტრისკენული (აფერენტული, მგრძნობიარე); 2. ცენტრიდანული (ეფერენტული, მოძრაობითი) და 3. ცენტრალური (შემაერთებელი). აფერენტული ნეირონი პერიფერიაზე იწყება რეცეპტორით – გრძნობის ორგანოთი. ნეირონის ძირითად თვისებას შეადგენს: გამღიზიანებლის ზეგავლენით აგზნების წარმოშობა, რაც დაკავშირებულია უჯრედის შინაგან ცვლილებასთან, და აგზნების საწინააღმდეგო პროცესის შეკავების გაჩენასთან, ვლინდება იჩენს აგზნების შეჩერების, შეწყვეტის სახით. აგზნება შეკავებასთან ორგანულად არის დაკავშირებული. ნეირონი განუწყვეტლივ გადადის აგზნების მდგომარეობიდან შეკავების მდგომარეობაში.

გარე გამღიზიანებლების რეცეპტორებით გამოწვეული აგზნება ნერვული ბოჭკოებით გადაეცემა ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილს; ცენტრალური ნერვებით აგზნება გადაეცემა ეფერენტულ ნეირონებს. ეს უკანასკნელი გარემოს სიგნალების შესაბამისად იწვევს გრძნობის ორგანოების, კერძოდ მოძრაობების აპარატის ამოქმედებას. ცენტრალური ნერვული სისტემა აფერენტული გზით მიმდინარე ნერვულ იმპულსებს იღებს და ეფერენტულით გადასცემს, ე.ი. ორივე ამ სისტემის დამოკიდებულებას და მათი ორგანიზმის გარემოსთან ურთიერთობას აწესრიგებს. ნერვული სისტემის ძირითად მოქმედებას, როგორც ცნობილია, აწარმოებს რეფლექსი. რეფლექსი წარმოადგენს გარეგან და შინაგან გამღიზიანებლებზე ორ- განიზმის რეაქციას. რეფლექსის თავისებურება განისაზღვრება არამხოლოდ გამღიზიანებლის თვისებებით, არამედ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში დამყარებული კავშირებით. გზას, რომელსაც ნერვული სისტემა გაივლის რეფლექსის განსახორ- ციელებლად აგზნების დაწყების მომენტიდან საპასუხო რეაქციამდე, რეფლექსური რგოლი ეწოდება. ყოველ რეფლექსურ რკალში შეიძლება რამდენიმე რგოლის გამოყოფა: რეფლექსური რკალის პირველ რგოლად ითვლება გრძნობის ორგანო – რეცეპტორი და ის ნერვული გზა, რომელსაც აგზნება რეცეპტორიდან მიაქვს ცენტრალური ნერვული სისტემისაკენ. მეორე რგოლია ცენტრალური ნერვული სისტემა, სადაც აგზნება განიცდის რთულ ცვლილებებს და გადადის ეფერენტული ნეირონების უჯრედებში. ეფერენტულ ნერვს ცენტრალური ნერვული სისტემიდან აგზნება მიაქვს იმ ორგანომდე, რომელიც პასუხობს საპასუხო მოძრაობებით. არჩევენ მარტივ და რთულ რეფლექსურ რკალებს. მარტივი რეფლექტური რკალი შეიცავს ორ ნეირონს: აფერენტულს და ეფერენტულს. რთულ რეფლექსურ რკალში კი შედის ორზე მეტი ნეირონი.

ორგანიზმის რეფლექსური რეაქცია შეიძლება წარმოიშვას როგორც გარეგანი, ესევე შინაგანი მრავალფეროვანი გამძღიზიანებლობის ზეგავლენით. რეაქციის მიმდინარეობას შეიძლება მოჰყვეს სხეულის ცალკეული ორგანოების მოქმედება ან მათი შეცვლა.

რეფლექსური აქტი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედების – ორგანიზმის გარემოსთან შეგუების, ურთიერთობის ძირითად ფიზიოლოგიურ მექანიზმს. ი.პ. პავლოვმა ექსპერიმენტულად დაამტკიცა, რომ თავის ტვინის მოქმედებაც ძირითადად რეფლექსური მექანიზმით წარმოებს. განვითარების რაც უფრო მაღალ საფეხურზეა ორგანიზმი, მით უფრო განვითარებული აქვს მას გარემოსთან ურთიერთობის ნერვული მექანიზმები.

ორგანიზმის შინაგანი ორგანოების რეგულაცია ვეგეტატური ნერვული სისტემის საშუალებით ხერხდება, მისი საშუალებით რეგულირდება გულის, სისხლის მიმოქცევის შინაგანი სეკრეციების, კუჭის, ნაწლავების მოქმედება, გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლის, კუნთებისა და რეცეპტორების მოქმედებაზე, იგი შესდგება სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული გზებისაგან. ყველა შინაგანი ორგანოს ინერვაცია ხდება ერთდროულად. შინაგანი ორგანოების ცვლილებები ვეგეტატური ნერვული სისტემის გზით გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებაზე.

ფსიქიკური პროცესების "ცენტრს" დიდ ტვინს უწოდებენ, რომელმაც თავისი განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია ადამიანის ორგანიზმში.

ადამიანის ფსიქიკა განუყოფელ ერთიანობაშია თავის ტვინის ქერქის მოქმედებასთან. ტვინის ქერქის განვითარება მიმდინარეობდა გარემოსთან გართულებული ურთიერთობის ზეგავლენით. თავის ტვინი შესდგება 14 მილრდ ნეირონისაგან, ნერვული ბოჭკოებისაგან შესდგება თავის ტვინის თეთრი ნივთიერება. ეს ბოჭკოები ტვინის ქვედა ნაწილიდან, განსაკუთრებით მხედველობის ბორცვებიდან გამოდის და უკავშირდება ტვინის ქერქს, ასევე უკავშირდება ერთმანეთს დიდი ტვინის სხვადასხვა უჯრედები. ნერვული უჯრედების კვანძები წარმოშობს რუხ ნივთიერებას დიდი ტვინის ქერქის სახით და 2000 კვ.სმ ფართობი უკავია და 9 მლნ ნერვულ უჯრედს შეიცავს. მისი ზედაპირი დანაოჭებულია და მთელ რიგ ღარებსა და ნაოჭებს შეიცავს.

თავის ტვინის აგებულების, ფუნქციის გართულებასა და განვითარებასთან დაკავშირებით თავის ტვინის ქერქს და მასთან დაკავშირებულ უმაღლეს ნერვულ მოქმედებას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება.

ნერვული სისტემა - ორგანიზმის არსებობის ფუნქციის შემსრულებელი

ნერვული სისტემა როგორც მორფოლოგიურად, ასევე ფუნქციონალურად ურთულეს სისტემას წარმოადგენს. იგი ემსახურება ადამიანის ორგანიზმის ცალკეული ნაწილებისა და სისტემების მოქმედების შეთანხმებას და გარემოსთან ურთიერთობის მოწესრიგებას.

ისმება კითხვა, როგორ ასრულებს ნერვული სისტემა ორგანიზმის არსებობისათვის აუცილებელ ასეთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას?

ი. პავლოვის მოძღვრების თანახმად, ნერვული სისტემა მუშაობს რეფლექსის პრინციპის მიხედვით. ორგანიზმი ნერვული სისტემის მეშვეობით გარეგანი და შინაგანი გამღიზიანებლების ზემოქმედებაზე გარკვეული რეაქციით პასუხობს.

ცნობილია რეფლექსების ორი ჯგუფი: პირობითი და უპირობო რეფლექსები. პირობითი რეფლექსები ადამიანის თავის ტვინის ქერქის მეშვეობით ხორციელდება. ამ რეფლექსის რკალი, ნერვული იმპულსის გზა, გაივლის თავის ტვინის ქერქს. უპირობო რეფლექსის განხორციელება კი შესაძლებელია ქერქქვეშა კვანძების გზითაც. ის თანდაყოლილია და შთამომავლობას გადაეცემა, იგი მთელი გვარის კუთვნილებაა. რაც შეეხება პირობით რეფლექსს, მისი წარმოშობისათვის აუცილებელია პირობითი რეფლექსის სიგნალისა და უპირობო რეფლექსის მრავალჯერ შეუღლება. პირობითი რეფლექსი წარმოადგენს უპირობო, თანდაყოლილი რეფლექსიდან პირობითი გამღიზიანებლის – სიგნალის ისეთ შეერთებას, რომლის მეშვეობითაც პირობითის გაღიზიანება უშუალოდ იწვევს თანდაყოლილი რეფლექსის ამოქმედებას (მაგალითად, საკვები და ზარი), პირობითი რეფლექსების რაოდენობა უსაზღვროა – ბგერები, სინათლის სხივების ინტენსივობა და სხვა, რაც თავის ტვინის აღგზნებას იწვევს.

ადამიანში პირობითი რეფლექსის ძირითად მექანიზმს წარმოადგენს დიდი ტვინის ქერქში აღგზნების ორ კერას შორის დამყარებული ნერვული კავშირები. ეს ნერვული კავშირი წარმოშობილია უპირობო და პირობითი გამღიზიანებლების შეუღლების შედეგად.

ყურადღებას იმსახურებს შინაგანი შეკავების რიგი თავისებურებანი: შინაგანი შეკავება თავის ტვინის უჯრედებს იცავს ფუნქციური დარღვევებისაგან; დაძაბულ აღგზნებაში მყოფი ტვინის უჯრედები შინაგანი შეკავების წყალობით ისვენებს, ახერხებს ენერგიის აღდგენას. შინაგანი შეკავება ტვინის უჯრედის დამცველის როლში გამოდის. შეკავების ეს ფუნქცია მკვეთრად მჟღავნდება ძილის მდგომარეობაში. ძილის დროს შინაგანი შეკავება ვრცელდება, როგორც დიდი ტვინის ნახევარსფეროების მთელ ქერქზე, ისე ქერქქვეშ მდებარე ფენებშიც.

აღსანიშნავია, რომ რთული ქერქული პროცესები დაკავშირებულია ირადიაციის, კონცენტრაციისა და ინდუქციის მოვლენებთან. თავის ტვინის ქერქში განუწყვეტლივ მიმდინარეობს აღგზნებისა და შეკავების კერების აღმოცენება და ჩაქრობა. ორივე პროცესი განუწყვეტლივ რთულ ურთიერთობაშია, რასაც ფუნქციურ მოზაიკას უწოდებენ (ი. პავლოვი).

თავის ტვინის ქერქი გარემოსთან ორგანიზმის ურთიერთობების მომწესრიგებელი ორგანოა. გარემო რთული, ძალზე ცვალებადი და მრავალი განსხვავებული გამღიზიანებლის შემცველია. ასეთ რთულ და ცვალებად გარემოსთან შეგუებას ორგანიზმი იმით ახერხებს, რომ თავის ტვინის ქერქს ანალიზურ-სინთეზური მოქმედების უნარი გააჩნია.

ადამიანის ცხოვრების პირობებისა და მისი ანალოგიური აგებულების გართულებასთან ერთად თანდათანობით ვითარდება ეს უნარიც. წარმოიშვა "მგრძნობიარება" – გარემოდან მომდინარე გამღიზიანებელთა განცდა. ეს განცდა თანდათანობით გარდაიქმნა ადამიანისათვის მნიშვნელოვანი საგნების და მოვლენების თვისებების ასახვის უნარებად – შეგრძნებებად.

ადამიანის ფსიქიკის განვითარების მატერიალური საფუძველია მისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური წყობის განვითარება. ადამიანის ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური წყობის განვითარებასა და გართულებასთან ერთად, იცვლება და ვითარდება განიცდის ფსიქიკაც, როგორც ამ უკანასკნელის თვისება. ფსიქიკის განვითარების ყველა საფეხურს შეესატყვისება ნერვული სისტემის სრულიად თა- ვისებური აგებულება.

ცენტრალური ნერვული სისტემის უნარია გარემოდან გამოყოს, გამოარჩიოს განსხვავებული სიგნალები, მოახდინოს გარე გამღიზიანებლების დიფერენციაცია, მათი ანალიზი. ამავე დროს, მას შეუძლია ამ გამღიზიანებელთა სინთეზიც. გამღიზიანებელთა ანალიზი და სინთეზი მჭიდროდ არის დაკავშირებული რთულ ნერვულ აპარატთან – ანალიზატორებთან. ყოველი ანალიზატორი შედგება სამი ნაწილისაგან: 1. პერიფერიული – მიმღები ნაწილი (რეცეპტორი); 2. გამტარი გზისაგან, რომლითაც ნერვული აგზნება გადაეცემა პერიფერიიდან – ცენტრს და 3. ანალიზატორის ქერქული ნაწილისაგან, რომელიც იღებს გაღიზიანების შედეგად წარმოშობილ ნერვულ იმპულსს. ამ ნერვული გზის მთლიანი სისტემით გან- საზღვრულია ტვინის ქერქის ანალიზურ-სინთეზური მუშაობა.

ტვინის ქერქი წარმოადგენს ყველა ანალიზატორის კრებადობაა. გამღიზიანებლების მარტივი ანალიზი იწყება რეცეპტორში. მაგალითად, შიდა ყურში მოთავსებული კორტის ორგანო, რომელიც წარმოადგენს ბგერის გამღიზიანებლის რეცეპტორს, ახერხებს მასზე ზემომქმედი ბგერის გამღიზიანებელთა დიფერენცირებას სიმაღლის მიხედვით. მაგრამ, უმაღლესი ანალიზი ხერხდება მხოლოდ დიდი ტვინის ქერქის მეშვეობით. გარემოს რთული ზემოქმედების ზუსტი ანალიზი მიმდინარეობს თავის ტვინის ქერქის სხვადასხვა არეში აგზნების და შეკავების პროცესს შორის ზუსტი ურთიერთობის დამყარების გზით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სადიფერენციაციო შინაგან შეკავებას.

ქერქის ანალიზური მუშაობა მჭიდროდაა დაკავშირებული მის სინთეზურ მოქმედებასთან, ე.ი. ტვინის ცალკეულ არეებში აღმოცენებულ აგზნებისა და გაერთიანების უნართან.

ტვინის ქერქის სინთეზური მოქმედების წყალობით ცალკეული გამღიზიანებლები ერთიანდებიან ერთ რთულ მთლიან გამღიზიანებლად.

თავის ტვინის ქერქზე ზემოქმედებს უამრავი დადებითი და უარყოფითი გამღიზიანებელი. ტვინში მიმდინარე ინდუქციის პროცესის ნიადაგზე აღმოცენდება ურთიერთსაპირისპირო აღგზნებისა და შეკავების აურაცხელი პროცესი, მაგრამ ყველა ეს პროცესი მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფება.

ქერქი წარმოადგენს რთულ დინამიკურ ერთეულს, სისტემას, რომელიც მუდამ ისწრაფვის გაერთიანებისკენ, ინტეგრაციისაკენ.

ყოველი რეფლექსური პროცესის განხორციელებას თავის ტვინის ქერქში შეესატყვისება აგზნებისა და შეკავების პროცესების გარკვეული ურთიერთობა.

თავის ტვინის ქერქის სისტემატურობა მის უმნიშვნელოვანეს კანონზომიერებას წარმოადგენს და, შესაბამისად, უმაღლესი ნერვული მოქმედების მექანიზმები ფსიქიკის ფიზიოლოგიურ მექანიზმად გვევლინება.

დიდი ტვინის ქერქში ანალიზატორების რთული სისტემის საშუალებით განუწყვეტლივ მიმდინარეობს გამღიზიანებლების შემადგენელ ელემენტებად დაშლა. ამით ხდება გარემოსთან დიფერენცირებული შეგუება, ამავე დროს ამ ელემენტების გაერთიანება, სინთეზი – ტვინზე ზემომქმედი გამღიზიანებლების ნიადაგზე წარმოშობილი დროებითი კავშირების რთული სისტემის წარმოქმნა.

ტვინის ქერქის ანალიზურ-სინთეზური მოქმედება წარმოადგენს ადამიანის მიერ გარე სამყაროს შემეცნების – შეგრძნების, აღქმის, აზროვნების, მეხსიერების და სხვათა ფიზიოლოგიურ საფუძველს.

უმაღლესი ნერვული მოქმედება განსაზღვრულია ტვინის სამუშაო მდგომარეობით, მისი სტრუქტურით. ნერვული მოქმედების ფიზიოლოგიური ფუნქციების თავისებურება დაკავშირებულია არამხოლოდ სიგნალების ბუნებასთან, არამედ ცენტრალური ნერვული სისტემის აგებულების თავისებურებებთან. ნერვული პროცესი დამოკიდებულია არამხოლოდ გამღიზიანებლის თავისებურებებზე, არამედ განსაზღვრული ტვინის სტრუქტურაზეც.

მოძღვრება უმაღლესი ნერვული მოქმედების შესახებ წარმოადგენს მთლიანი ორგანიზმის ქცევის ფიზიოლოგიას. ამ მოძღვრების მიხედვით, დიდი ტვინის ქერქის მოქმედება ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთობის უმაღლესი რეგულატორია, ყოველი მიზანშეწონილი ქცევის ფიზიოლოგიურ საფუძველს, რომელშიც ხორციელდება ორგანიზმის და გარემოს ერთიანობა. რადგან ფსიქოლოგიის საგანს ფსიქიკური სინამდვილე, ანუ განცდების სამყარო შეადგენს, მის ამოცანად ამ სინამდვილის ობიექტური და სუბიექტური მხარეების ერთიანობაში შესწავლა გვევლინება. რაკი ფსიქიკა ტვინის "პროდუქტს", მის თვისებას წარმოადგენს, უდავოა, რომ ფსიქიკის ახსნა ფიზიოლოგიურ პროცესებში უნდა ვეძიოთ.

სულისა და სხეულის ერთიანობა მათ განუყოფელ კავშირში მდგომარეობს, და ეს კავშირი ყველაზე აშკარად გამოვლინდა ჩვენი ორგანიზმის უფაქიზეს ნაწილში – ტვინში. თავის ტვინი (მისი ქერქი და ქერქქვეშა ნაწილები) ჩვენი სულისათვის გამოვლენის იარაღი, ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც გვეძლევა სულიერი აქტივობა, სხვაგვარად ვერ იარსებებს ფსიქიკური განცდა და ქმედება, არავითარი პიროვნული თვისებები და მდგომარეობა.

მოცემული პრობლემის შესწავლამ და ჩამოყალიბებამ ნათლად დაადასტურა, რომ ადამიანის ფსიქიკის ფიზიოლოგიური საფუძველი თავის ტვინის ქერქის მთლიანობაა. ამიტომ, ფსიქიკის მთელი არსი განხილული და შესწავლილი უნდა იყოს ფიზიოლოგიური პრობლემების კანონზომიერებების გათვალისწინებით.

ლიტერატურა:

1.      Джон Керью Экклс `Тайна человека~, 1959, რუსულ ენაზე. იხ. Биография Джона Экклса на сайте Нобелевского комитета, 1963.

2.   ც. ჩხიკვიშვილი. კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის საფუძვლები. 1986, გვ. 21, 9.

3.      И.П. Павлов. Полное собрание сочинений, т. III, кн. 2, 1951, გვ. 323.

4.   დ. უზნაძე, ზოგადი ფსიქოლოგია, თბ., 1998.

5.   ც. ჩხიკვიშვილი, კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის საფუძვლები, თბ., 1986.

6. Бериташвили И.С. Структура и функции коры большого мозга, М., 1969.

7. Судаков К.В. Тайны мышления, 2009.

8. Бехтерева Н.П. Нейрофизиологические аспекты психической деятельности человека. М., 1971.

9. Павлов И.П. Лекции по работе больших полушарий. М., 1949.

10. Лурия А.Р. Высшие корковые функции человека. М., 1969.

11. Джон Керью Экклс. Тайны человека, 1959.